ვინ გეგმავდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მკვლელობას და ვის უნდა შეესრულებინა დაკვეთა - ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ქრონიკა +"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ავრცელებს.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად - არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.
ელისო კილაძე ამბობს, რომ ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლილუაშვილის უწყებამ რუსული "ფე-ეს-ბეს" მოთხოვნით ისინი ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააპარა
"სამივე პირი ჩვენმა სპეცსამსახურმა ყაზბეგის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გადაიყვანა რუსეთში. გაყვანის ოპერაციას სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით, ხელმძღვანელობდა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე მაისურაძე. ვეკითხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, იქნებ კეთილი ინებოთ და გააკეთოთ განმარტებები, რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ეს პირები და მოხდა თუ არა მათ მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა", - ამბობს ელისო კილაძე.
სკანდალურ მხილებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს, განცხადება უწყებას არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია აგვისტოში მიაწოდა. სუს-მა ფაქტზე გამოძიება 6 აგვისტოს დაიწყო.