"ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე..." - ქუთაისში ბრიტანელ ტურისტს პირსინგის გამო სცემეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო, თავს დაესხნენ. 27 წლის ტურისტი ყვება, რომ ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

"მე და ჩემი შეყვარებული ბარში ვიმყოფებოდით, ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი. მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ის ძალიან მთვრალი იყო და ყველას ეჩხუბებოდა. სიტუაციას გავერიდე. ბარიდან წამოსულებს ეს კაცი დაგვხვდა, აშკარად მე მელოდებოდა და თან ახლდა მეგობარიც. ცემა დამიწყო, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. როგორც იქნა, ამ კაცს გავექეცით. ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა ცემისას. ჭამისას და ლაპარაკისას ყბა მტკივა", - ამბობს ტურისტი.

გიდები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში ტურიზმს მნიშვნელოვნად დააზიანებს. მათ იმედი აქვთ, რომ პოლიცია ფაქტს შესაბამისად გამოიძიებს და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

"კვების ობიექტში წამოვიდა დაპირისპირების პირსინგის გამო, რის გამოც მოხდა შელაპარაკება და მერე ფიზიკური ანგარიშსწორება როგორც გავიგეთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ მნიშვნელოვან საკითხს და დამნაშავე პირები საკადრისად დაისჯებიან. მსგავსი ფაქტების განმეორებამ შეიძლება, საერთოდ მოკლას ტურიზმი ქუთაისში და ზოგადად საქართველოში", - თქვა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ბერიკაშვილმა.

ტურისტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცეს. როგორც ის ამბობს, პოლიციელები ურჩევდნენ, ჩვენებაში ეთქვა, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა და უბრალოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი