ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, რომ დევნილი მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დევნილების საკითხი უწყებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. 

როგორც გაბუნიამ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, "მაქსიმუმს" აკეთებენ იმისთვის, რომ დევნილის მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს.

"ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა საჭიროება, რაც ჩვენს დევნილ მოსახლეობას აქვს, დაკმაყოფილდეს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში შესაფერისი ჯგუფი არსებობს, რომელიც სწავლობს ამ პროცესს. მე დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც საჭიროება განსახლებას, სრულად იქნას მოცული მათი საჭიროება. დამატებით ინფორმაცია რა თქმა უნდა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი", - თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, თემქაზე, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა, სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ, ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა. 

​16 იანვარს, სანატორიუმში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების თქმით, ამ ქმედებით ის შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

მომხდარს გუშინ, 17 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და მას "უბედური შემთხვევა" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი