სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რამზან კადიროვის მიერ დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა აიღონ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
"ზედამხედველობა უნდა აიღოს უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა. თუ ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგა საკმარისი ნაბიჯები, როგორც მისი უსაფრთხოების დაცვის, ასევე გამოძიების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ რეაგირება და დავიცვათ მისი ინტერესები, თუმცა რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხის დაცვა, ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია.
მქონდა კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან, თუ არსებობს რაიმე მასალა, რაც პირის უფლებრივი დაცვის საკითხს გაგვიადვილებს, რა თქმა უნდა, მზად ვართმ, ეს მასალები მივიღოთ და მხარეს მოვუსმინოთ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება, კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე, რაზეც ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სუს-ში გუშინ გამოიკითხა კიდევ ერთი დასახელებული ფიგურანტი ასლან ჩელდიევი. სწორედ ამის შემდეგ დაიბარა სუს-მა გამოკითხვაზე ნიკა გვარამია, რომელმაც იქ შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა