"იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ" - შავ სამგლოვიარო ბანერზე დაწერილი ამ სიტყვებით მეზობლებმა ბოლო გზაზე გააცილეს 52 წლის ზურა ქირია. სამგლოვიარო პროცესიის პარალელურად კი იმავე შენობაში კიდევ ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა.
ეს ადამიანები რუსულმა ოკუპაციამ მათივე სამშობლოში აქცია დევნილებად, მათ არსებობას 30 წელია დიდად არც საზოგადოება იმჩნევს. მხოლოდ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ...მტრების მიერ სასიკვდილოდ გამეტებულ ამ ადამიანებს და ახლა თავისივე ხელისუფლება კლავს, საკუთარი გულგრილობითა და ცინიზმით.
არადა რას ითხოვდა გარდაცვლილი ქირია? უსაფრთხო საარსებო სივრცეს თავისი შვილებისთვის და ამას ითხოვდა იმ ქვეყნისგან, რომელმაც ვერ შეძლო მისი კუთვნილი ქონების დაცვა, ვერ შეძლო მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავშესაფრად ავარიული შენობა შესთავაზა, რომელიც სამი ათეული წელია აგურ-აგურ იშლება.
არადა იგივე ხელისუფლება საკუთარი კომფორტისთვის დაუფიქრებლად ხარჯავს მილიონებს, ყიდულობს ახალ მანქანებს, ან სულაც იმავე დევნილებისთვის აშენებულ სოციალურ საცხოვრებლებს მაგალითად მოსამართლეებს ჩუქნის.