
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისი განცხადება თსუ-ს წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ინფიცირებულის პირადი კონტაქტები დადგენილია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. მეათე კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი,
- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღეისათვის ქვეყანაში 831 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.