
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი შშმ მოზარდი გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მოზარდმა კიდევ ერთხელ, დეტალურად გაიხსენა მეტროში მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი.
არასრულწლოვანთან ერთად, ლონდა თოლორაიას უწყებაში გამოძიების კითხვებს პასუხობდა მისი მეგობარიც, რომელმაც პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები გადაიღო და გაავრცელა.
"მომხდართან დაკავშირებით იყო კითხვები. მკითხეს, იძალადა თუ არა მეორე პოლიციელმა, მაგრამ არ ყოფილა იმის მხრიდან ძალადობა. უშუალოდ რაც მოხდა, რის გამოც მოხდა და სადამდეც მივიდა, ამ ყველაფერზე გავეცი პასუხები. დაველოდებით სასამართლო პროცესს და დამნაშავე დაისჯება. იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ ჩვენს მიზანს", - ამბობს არასრულწლოვანის მეგობარი.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო "ისნის" მეტროსადგურშია გადაღებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო - არ ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
მომხდარის გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მოქალაქეებმა დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.