პროტესტი გრძელდება - დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღესაც შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების პროტესტი გრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

მთავარი მოთხოვნა სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც სამინისტროსთან დიალოგის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. დევნილები ჯანდაცვის უწყებისგან ელოდებიან პასუხს, როდის გადასცემენ მათ შესაბამის საცხოვრებელ ფართს.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით არ დასრულდება, დევნილები უფრო რადიკალურ პროტესტს აანონსებენ.

"ისე მივდივართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - ვითხოვთ იმავეს და ისევ გვსურს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან ჩვენთან კომუნიკაციაზე გამოვიდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები", - ამბობს სანატორიუმში მცხოვრები თამარ საუთიევა.

​ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გასულ კვირას პრემიერი ამ საკითხს არ გამოეხმაურა. მან დევნილებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა: "ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა - დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ".

დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი