გორში პოლიციელებმა იჩხუბეს | არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა "ჩორნამ" და "გოგლიკამ" მოაგვარეს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება შიდა ქართლის პოლიციაში - ერთმანეთზე განაწყენებულმა სამართალდამცველებმა გორში, რესტორან "ჟოზეფში" იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციელებმა შერიგების პროცესში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩართეს.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობენ. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ გიორგი კანდელაკის რესტორანშიც.

დაპირისპირების დეტალებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა ბალიაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელების შერიგების პროცესში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - "გოგლიკა" და "ჩორნა" იღებდნენ მონაწილეობს.

"შიდა ქართლის პოლიციის და სუს-ის მაღალჩინოსნები ქეიფობდნენ რესტორან "ჟოზეფში" და მათ შორის მოხდა დაპირისპირება, კონფლიქტი. ეს დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკვევად და შესარიგებლად დასჭირდათ კრიმინალური ავტორიტეტები, ვინმე "ჩორნა" და ვინმე "გოგლიკა". საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციელებმა ვერ მოახერხეს ამ კონფლიქტის განეიტრალება. ძალიან სამარცხვინოა, როდესაც პოლიციელებს ერთმანეთთან ურთიერთობის გასარკვევად სჭირდებათ კრიმინალური ავტორიტეტები", - აღნიშნა ანა ბალიაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდეო კადრები, რომელზეც დაპირისპირება იყო ასახული, რესტორანმა "ჟოზეფმა" წაშალა, თუმცა ამაზე გამოძიება არ დაწყებულა.

უცნობია, დაიწყო თუ არა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი