"შურისძიებაა, დის შვილი მოუკლა, იმან კიდე ეს მოკლა" - გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

გამოქვეყნდა:

გურჯაანის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. გიორგი მღებრიშვილმა გოჩა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა.

მოკლული 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილის მამა "მთავართან" ამბობს, რომ მის შვილს გიორგი მღებრიშვილის ნათესავთან თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირება ჰქონდა. ჯერ კიდევ 2005 წელს მხარეებმა ამის გამო დუელი გამართეს, რომლის დროსაც ჩაღიაშვილმა გიორგი მღებრიშვილის დის შვილი მოკლა.

ამის შემდეგ ოჯახებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც მოკლულის მამა აცხადებს, მის შვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სოფლის ცენტრში ჩაიყვანეს, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დახვდა.

"ეს ბიჭი ჩემთან ძმაკაცობდა ჭაბუკობას, ახლა ვინც შვილი მომიკლა, მერე რა ვიცი, ვალი ჰქონდათ ვირი მივყიდე, ფულს ვთხოვდი... არ მომცეს, ჩათვალე რომ დაგაწერეთო. მერე ბალღებს მოუვიდათ დავა ფულის გამო, ბირჟაზე გამოიძახეს, ტელეფონით დაურეკეს, თოფი ესროლეს. გაიქცა პირველი სროლის მერე, კედელზე რომ გადასულიყო, ვეღარ გაასწრო, დაეცა და კეფა გაიხეთქა, ფეხში დაჭრა, ხელშიც დაჭრილია", - ყვება გოჩა ჩაღიაშვილის მამა. 

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული გიორგი მღებრიშვილი უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი