სახალხო დამცველმა "ევოლუშენ ჯორჯიაში" სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ომბუდსმენის აპარატს, კომპანიაში დილერის პოზიციაზე დასაქმებულმა მიმართა. სახალხო დამცველის შეფასებით, კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს.
"ევოლუშენ ჯორჯია" კი მიიჩნევს, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები შესაძლო სექსუალური შევიწროების დასადგენად.
"სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს. სახალხო დამცველის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა",- აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენი მოუწოდებს კომპანიას, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები. კომპანიამ დამატებითი განმარტებების გაკეთება მედიასთნ აღარ ისურვა.