საქნახშირში მუდმივ რეჟიმში კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები - ამის შესახებ "მთავარ არხთან" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
გვანცა დელიბაშვილის თქმით, შახტაში უსაფრთხოების ზომები ტექნიკურად დაცულია და ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე კითხვებს პასუხებს გამოძიება გასცემს.
"უსაფრთხოების ზომები, რა თქმა უნდა, იყო დაცული ჩვენი მხრიდან ტექნიკურად. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, რადგან გამოძიება პროცესშია. შესაბამისი სამსახურები დადებენ დასკვნას და ეს ინფორმაცია გახდება საჯარო. არ არსებობს, რომ გუშინ ჩაუტარდა ან 3 თვის წინ, მუდმივ რეჟიმში კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები",- ამბობს საქნახშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გვანცა დელიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით.
შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთი პირი გარდაიცვალა.
ავტორი: ნინო გიგაური.
ამავე თემაზე: