ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მმართველ გუნდს, "მწვანე პასპორტების" გამო აკრიტიკებს და აღიარებს, რომ საკოორდინაციო საბჭო ექიმების აზრს არ ითვალისწინებს.
როგორც ცერცვაძე ამბობს, მუდმივი მწვანე პასპორტების გაცემის გადაწყვეტილება "ოცნების" გუნდმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე შეემცირებინა.
"ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხედულებით, არ იყო სწორი. მე მწვანე პასპორტს მივცემდი მათ, ვისაც გადატანილი აქვს 6 თვის განმავლობაში, რამეთუ 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი არ მუშაობდეს. [...] მწვანე პასპორტი განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის, რომელმაც ნაკლებად იმუშავა. მე განსხვავებული აზრი მაქვს, იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, განსხვავებული აზრი აქვთ. ეჭვი მაქვს, რომ მათ ადამიანების უკმაყოფილება შეარბილეს, ანუ ნაკლები ადამიანი დარჩა უკმაყოფილო იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში იმდენად სერიოზული გამოსვლები იყო მწვანე პასპორტების წინააღმდეგ, რომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დასჭირდათ. მაკრონი პირდაპირ დაემუქრა. ჩვენთან მთავრობა რომ ასე ვინმეს დამუქრებოდა, არაადამიანობის ათას მუხლს მოუძებნიდნენ. გაგამწარებთო, დაემუქრა მოსახლეობას." - ამბობს ცერცვაძე
ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას კრიტიკულად უყურებენ და ამბობენ, რომ თავიდანვე უნდა დაფიქსირებულიყო სწორი პოზიცია მაშინ, როცა სპეციალისტები ღიად ამბობდნენ, რომ კოვიდ პასპორტების ამ წესით შემოღება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მთავარი მიზეზი გახდებოდა.
იხილეთ ასევე: