მსხვერპლი ბრალდების გარეშე - მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება

გამოქვეყნდა:

პანკისის სისხლიანი სპეცოპერაციისას საწოლში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიებსა და მტკიცებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორიზმს მხარს უჭერდა, "იემსის" ანგარიში თავდაყირა აყენებს.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ტელეფონის ნომერია, რომელიც თემირლანის სახელზე იყო რეგისტრირებული.
სუს-ის მტკიცებით, 2017 წლის 28 ოქტომბერს კირნათი-მარადიდის სასაზღვრო ზოლით საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემდეგ ახმედ ჩატაევმა მისი მობილური ტელეფონის ნომრიდან, მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკა. საქმის მასალების შეწავლის შემდეგ გაირკვია, რომ დაუდგენელია, ვინ სარგებლობდა თემირლანის სახელზე რეგისტრირებული ნომრით. "იემსიმ" ისიც დაადგინა, რომ ეს სიმბარათი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იმეიკოდის მქონე ტელეფონში იყო ჩადებული. ეს გარემოებები კი თემირლანის ჩატაევთან სატელეფონო კავშირის შესაძლებლობას არ ამტკიცებს.

ორგანიზაცია კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სპეცრაზმელის მიერ მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებს. გამოძიების მტკიცებით, მაჩალიკაშვილს "თიბისი ბანკში" ჰქონდა ანგარიში. ამის შესახებ კი ინფორმაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში აღმოჩნდა, სადაც პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე ჩატაევი მოკლეს. სუსი მიუთითებდა, რომ მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირდებოდა ფულადი გზავნილები და მათ უშუალოდ ჩატაევის ნათესავები რიცხავდნენ. "იემსიმ" კი გაარკვია, რომ ამ ანგარიშზე არანაირი ფულადი ტრანზაქცია არ ირიცხებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 20-21 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ბორზიევთან და ლიკვიდირებულ 
სოლტახმადოვთან ერთად ცხოვრობდა. ბინაში არსებულ უკაბელო ინტერნეტის პაროლად დაყენებული ჰქონდათ სახელი "თემირლანი" და მაჩალიკაშვილი ეხმარებოდა მობილური ტელეფონების შეძენაში. 

სუს-ის მითითებით, მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა მაჩალიკაშვილის, შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის ერთობლივი ფოტოები. საგამოძიებო ორგანოს შეფასებით, ეს ფაქტები მიუთითებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს ეხმარებოდა. ამ გარემოებებს ოჯახის იურისტი განსხვავებულად განმარტავს.

შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ეს ანგარიში ოჯახის სიმართლეს ადასტურებს, რასაც ორ წელზე მეტია ამტკიცებს. მალხაზ მაჩალიკაშილი ისევ ითხოვს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. არ შეწყვეტს ბრძოლას, ვიდრე მისი შვილის უადანაშაულობას არ დაამტკიცებს.

ვინ არის ეს ხუთი ადამიანი, ვისი დაკითხვაც მისი შვილის უდანაშაულობას დაადასტურებს, მალხაზ მაჩალიკაშვი არ აკონკრეტებს. ოჯახისგან განსხვავებით, სუს-ის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ვერსიებზე კითხვის ნიშნები არ აქვთ უმრავლესობაში. მათი თქმით, ისინი გამოძიებას ენდობიან.

არასათავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რა მოხდა რეალურად სპეცოპერაციის დროს პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს და რას ემსხვერპლა 19 წლის ახალგაზრდა, ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაირკვევა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის მიერ მომზადებული საჩივარი. სტრასბურგმა ქართულ მხარეს ხუთი კითხვითაც მიმართა, მათ შორის, ხომ არ დაირღვა სიცოცხლის უფლება. ადამიანის უფლება ევროპული სასამართლო პასუხებს და საქმის მასალებს ივნისის ბოლომდე ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი