გარდაბანში, სოფელ ჯანდარაში ქორწილის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას 2 დაშავებული კლინიკაში რჩება. 30 იანვარს ერთმანეთს სიძე-პატარძლის ნათესავები დაუპირისპირდნენ, ნაცემია მამედოვების ოჯახის რამდენიმე, წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი და დედამისი.
მამედოვები ფიქრობენ, რომ მეორე ოჯახის წევრები პოლიციასთან გარიგებაში არიან, ამიტომაც მომხდარიდან 4 დღის შემდეგ დაკავებული არავინაა. დაზარალებულები ზეწოლაზე საუბრობენ.
"მეც ვიყავი ქორწილში, ვცეკვავდით, უცებ ატყდა ჩხუბი, გარეთ ჩემ ძმას და ბიძას უმოწყალოდ სცემდნენ, ვეცადე მივშველებოდი, ამ დროს მეც მომიბრუნდნენ. ყველას სასტიკად გაგვისწორდნენ, ბიძაჩემი ამ დრომდე კომაშია. პოლიცია დუმს, ჩვენთან მოვიდნენ და იმათ მაგივრად ვინც უმოწყალოდ გვირტყამდნენ, აქეთ ჩვენზე ახდენენ ზეწოლას", - ამბობს სევდია მამედოვა.
ელიზა მამედოვა ამბობს, რომ უნდათ საქმე თბილისის სამმართველომ გამოიძიოს რადგან გარდაბანში პოლიცია არ მუშაობს - "ჩვენი ოჯახის 5 წევრი სცემეს იმ ქორწილში, მათ შორის, სამი წლის ბავშვიც კი არ დაინდეს და ურტყეს"
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.