იმუნიზაციის საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, განიხილეს 2022 წლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 70%-ის აცრას
„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის." განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, მონეტარული წახალისების გაგრძელებას და აქცენტის გაკეთებას ბუსტერ დოზებზე.
„ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს“ ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ“ დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.