
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება და სავარაუდოდ, საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს წარადგენს.
"მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო იმ ფორმით, რომ გამორიცხულიყო ყველანაირი რისკის პროვოკაციის და გაერისკა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, პრეზიდენტის გასამართლება იმაზე, რომ ის დაბრუნდა სამშობლოში და თან ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა თუნდაც ერთი ადამიანისთვის თმის ღერის ჩამოვარდნას, ცხადია, რომ ამაზე მისი დევნა და ბრალის წარდგენა არის უსაფუძვლო როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით", - თქვა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.