GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს "მთავარი არხის" 111 903,43 ლარით დაჯარიმების საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა.
"ეროვნული დემოკრატიული ინიციატივა" წერს, რომ არცერთი ვიდეორგოლის პოლიტიკურ რეკლამად დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
"GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოდგენილი ვიდეორგოლები „პოლიტიკურ რეკლამად“ ამ ცნების ძირითადი ელემენტების უგულებელყოფითა და საერთაშორისო პრაქტიკის თვითნებური განმარტების საფუძველზე დააკვალიფიცირა. საქართველოს კანონმდებლობა არც პირდაპირი, მკაფიო მითითებით და არც ნაგულისხმევად არ კრძალავს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არაწინასაარჩევნო პერიოდში. მეტიც, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის ცნება დაიყვანება „წინასარჩევნო/წინასარეფერენდუმო“ პერიოდზე, ხოლო ამ პერიოდს მიღმა, არცერთი ვიდეორგოლის პოლიტიკურ რეკლამად დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, GDI მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეორგოლები არც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს „პოლიტიკური რეკლამის“ ცნების ელემენტებს და სინამდვილეში უფრო გონივრული იქნებოდა მათი „სოციალურ რეკლამად“ დაკვალიფიცირება", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწყებული სამართალწარმოება ეხება "მთავარი არხის" ეთერში გასულ 3 ვიდეორგოლს - ორი ვიდეო ეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობის პირები ჩანდნენ ბოლოს კი ისმოდა სიტყვა "კლავ". ერთი კი "სირცხვილიას" კლიპს, რომელშიც "ოცნების" წევრებით პუტინის სახე იკვრება.