"უნდათ, კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელს ქვეყანაში" - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
დავით კირკიტაძე წერს, რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგი პოლიტიკური პროკურატურით ბრძოლასა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაზეა აგებული.
"ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისათვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა - ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა. დღეს 15:30 უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელს ქვეყანაში. რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას რაც მათ ეკუთვნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ. ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას", - წერს დავით კირკიტაძე.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, წინასაარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო. მათ შორისაა თავად კირკიტაძეც.
კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.
იხილეთ ასევე: