ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება - ქონების ეროვნული სააგენტო სტურუაზე

გამოქვეყნდა:

არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა - ვკითხულობთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუასთვის თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას ეხება.

უწყების ცნობით, მიწის გადაცემა "რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით" გადაწყდა.

სააგენტოში ამბობენ, რომ უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხი მას შემდეგ, რაც მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.

"რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. არასასოფლო - დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიო განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.

მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.

რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.

რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში.

რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს ჩვენს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ რობერტ სტურუას მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა. რობერტ სტურუამ მიწის ნაკვეთის გადაცემა სიმბოლურ ფასად 2021 წლის 10 ნოემბერს მოითხოვა. მისი წარმომადგენელი კი როინ ნოზაძე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი