სისხლიანი გარჩევა მარნეულში ახალგაზრდებს შორის - მოკლულია 30 წლის კაცი. დაპირისპირება გვიან ღამით, გარეუბანში მოხდა. რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი უცნობია.
მსხვერპლს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ მომხდარზე არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი დააკავა.
ირკვევა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა გუშინ გვიან ღამით შეხვედრა მარნეულის გარეუბანში დათქვეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი სავარაუდო დამნაშავემ მსხვერპლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
თავდამსხმელმა ალი ისმაილოვს ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ დააკავა.
"ოჯახი გაგვინადგურეს, ასეთი წყნარი ბიჭი როგორ მოგვიკლა ვიღაც ნაძირალამ, მთელი მარნეული გლოვობს და დასტირის მას ისეთი ბიჭი იყო. 4 თვის შვილი დარჩა, რატომ მოხდა ჩხუბი, რა გახდა მკვლელობის მიზეზი არავინ იცის", - ამბობს ახლობელი.
მათივე თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდების უმიზეზოდ დაღუპვა ყოველდღიურობად იქცა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.