სპეცოპერაცია თბილისში - ვინ არის სუს-ის მიერ დაკავებული ჩეჩენი პირი

გამოქვეყნდა:

ეროვნებით ჩეჩენი, ვინმე ახმედი საქართველოში დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩამოვიდა და ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სახლი რამდენიმე დღით იქირავა, თუმცა გუშინ საღამომდე, ის მე-15 სართულზე მდებარე ბინაში იმყოფობოდა. სახლის მეპატრონე, რომლის ვინაობასაც "მთავარი არხი" მისივე თხოვნით არ ასაჯაროებს, იხსენებს, რომ მის კუთვნილ ბინას აგენტი დღიურად აქირავებდა, ბოლოს, რამდენიმე თვის წინ, ახმედს მიაქირავა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო, მას ნაქირავებ სახლში რამდენიმე თვით მოუწია დარჩენა. ბინის მესაკუთრე ახმედს პირადად არასდროს შეხვედრია და არც ის იცის, მარტო ცხოვრობდა თუ ვინმესთან ერთად. 

სპეცოპერაციის დროს, ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებმა მხოლოდ ერთი პირის დაკავება დაინახეს, თუმცა რამდენი ადამიანია სუს-ის იზოლატორში, ამ დრომდე, ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საქმე, როგორც ჩანს, გასაიდუმლოებულია და ყველა დეტალს ძალოვანები საგულდაგულოდ მალავენ. სუს-ი დუმს, მაგრამ საქმის დეტალები "მთავარმა არხმა" გაარკვია.

რა დანაშაულის ჩადენას აპირებდა ჩეჩენი ახმედი, ხასო ხანგოშვილმა არ იცის. ეს ინფორმაციაც სამართალდამცველებისგან გაიგო, რომლებიც თბილისის სპეცოპერაციის პარალელურად უხუცესთან სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ. ახმედი 11 ივნისს პანკისში სწორედ ხანგოშვილის სახლში იმყოფებოდა სტუმრად, იქიდან თბილისში, უხუცესის შვილთან, გებიშ ხანგოშვილთან ერთად წამოვიდა. მეორე დღეს ის დააკავეს. ამ დრომდე არავინ იცის, სად არის გებიში. ოჯახმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ სუს-ში დაკითხვაზე წაიყვანეს, შემდეგ ის კონტაქტზე აღარ გამოსულა. ხასო ხანგოშვილი კი ამტკიცებს, რომ მისი შვილის მეგობარი საქართველოში, პანკისში დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად ჩამოვიდა. კიდევ ერთი უხუცესი ზელიმხან წუწაშვილი კი ირწმუნება, რომ ასეთი პირი 15 კაციან ჯგუფში არ ყოფილა. ისინი გვარების შესარიგებლად სწორედ წუწაშვილმა მიიპატიჟა ხეობაში. 

დაპირისპირებული მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების ოჯახები კი საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ.  მოკლედ ამბობენ, რომ მათ არავისთან უსაუბრიათ.  

პანკისში, დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად, ყოველთვის გავლენიანი ადამიანები ჩადიან. მათ კარგად იცნობენ ხეობის უხუცესები, მაგრამ ახმედის შესახებ არაფერი იციან. ის რომ გვარების შესარიგებლად ჩასულიყო, აუცილებლად ეცოდინებოდათ.

ფაქტია, რომ ახმედი საქართველოში გვარების შესარიგებლად არ ჩამოსულა. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე თვე ცხოვრობდა და ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა, ან იცოდა და მალავდნენ, ისე როგორც ადრე, ჩატაევის შემთხვევაში. ახლაც, როგორც ჩანს, იმიტომ დააკავეს, რომ ეს სხვა ქვეყანამ მოითხოვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი