ბრაზილიის მოქალაქეს 1კგ-მდე "კოკაინი" სხეულით შემოჰქონდა - ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა 1993 წელს დაბადებული ბრაზილიის მოქალაქე ფ.ს. რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 კილოგრამამდე "კოკაინი" სხეულით შემოჰქონდა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად 80 შეკვრად დაფასოებული "კოკაინი" ამოიღო.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ.,1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართებზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ", - წერია უწყების განცხადებაში. 

პოლიციამ მათი ჩხრეკისას 250 გრამამდე "მეტადონის" შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული "მეტადონის" შემცველი ნარკოტიკი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი