ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
საქმე ეხება 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას. 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
"მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა", - აცხადებენ საია-ში.
საქმეზე მუშაობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).
ცნობისთვის, სერგი საცერაძეს სალომე ჯორბენაძის მკვლელობისთვის 2015 წლის 17 აპრილს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.