ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან ჩივილი, შესაძლოა, გარკვეული კამპანიის ნაწილი იყოს, რადგან ბოლო პერიოდში სუს-ი მედიის წინააღმდეგ გააქტიურებულია.
"სიუჟეტი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო მომზადებული. გაუგებარია, რატომ აქვს ბატონ ლილუაშვილს პრეტენზია, ან თუ ჰქონდა პრეტენზია, შეეძლო, სხვა ფორმით გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება, რაღაც ერთი კამპანიის ნაწილი იყოს, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში "მთავარი არხის" წინააღმდეგ მერებმა მიმართეს, რომლებიც სუს-ის კრებსებში იყვნენ მოხსენიებული და საერთოდ, ეს სტრუქტურა - სუს-ი, ძალიან გააქტიურებულია მედიის წინააღმდეგ და ვფიქრობ, შეიძლება ამ პროცესის ნაწილი იყოს ეს", - ამბობს თამთა მურადაშვილი.
"მთავარ არხთან" ერთად, გრიგოლ ლილუაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსაც უჩივის.
"ფაქტია, რომ ეს დანაშაული მხოლოდ საქართველოს იურისდიქციაში კი არ ვრცელდება და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე კი არ მოქმედებს. აქ არის საუბარი ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, როცა ლილუაშვილის, მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, მილიონობით ევროკავშირის მოქალაქეს ძარცვავენ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა, სადაც რესპონდენტი ამბობდა, რომ ამ კიბერდანაშაულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აქვს, თუმცა უჩა მამაცაშვილის ბიზნესს სწორედ ლილუაშვილის უწყება მფარველობს.
ლილუაშვილი მასთან დაკავშირებული ინფორმაციის უარყოფას და ზიანის ანაზღაურების სახით, "მთავარი არხის", "ფორმულასა" და ლევან ხაბეიშვილისთვის 1 ლარის დაკისრებას ითხოვს.