ქობულეთის მერიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაში 6,9 მილიონი გადაუხადა შპს "ჯორჯიან სტოუნს", რომლის დირექტორიც მერიის ყოფილი ჩინოსანია.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020 წელს მოწყობილი პარკი უკვე დაზიანებულია.
"ორივე ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ჯორჯიან სტოუნმა, რომელმაც 2020 წელს გამოცხადებული ტენდერი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
აუდიტის დასკვნით, ჯორჯიან სტოუნის კონკურენტის შეთავაზება ბიუჯეტს 437 ათას ლარზე მეტს უზოგავდა და მისი დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მოხდა.
ჯორჯიან სტოუნი ტენდერებში გამარჯვებას 2015 წლიდან იწყებს, როცა მისი დირექტორი ბადრი რომანაძე გახდა, რომელიც მანამდე ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.2015-2021 წლებში ჯორჯია სტოუნმა მხოლოდ ქობულეთში 34 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც ჯამში 20 მილიონამდე ლარი მიიღო.
საგარანტიო ვადის პერიოდში ზღვისპირა პარკს ხარვეზები აღენიშნებოდა, თუმცა მერიას არც ხარვეზები გამოუვლენია და არც გამოსასწორებლად მიუმართავს კომპანიისათვის", - წერია განცხადებაში.