სასტუმრო ტაძრის ეზოში - ალავერდის მონასტრიდან 200 მეტრში კომპანია "ბადაგონი" რამდენიმე სართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა. მშენებლობა აკურთხა ალავერდელმა მიტროპოლიტმაც.
აღნიშნულის გამო, სპეციალისტები გაოგნებას ვერ მალავენ. ისინი ამბობენ, რომ საფრთხე სამონასტრო კომპლექსთან ერთად ალაზნის ველის უნიკალურ ლანდშაფტსაც ექმნება.
მე-11 საუკუნის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშიც არის შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერიფიკაციის გავლის შემდგომ, ტაძარი ოფიციალურ სიაში უნდა შევიდეს, თუმცა წამოწყებული მშენებლობის გამო, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სიიდან საერთოდ ამოიღონ.
მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ. საუბარი არ სურთ არც სასულიერო პირებს. ალავერდელი მიტროპოლიტი დღეს ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა. მთავარმა არხმა მხოლოდ ერთ-ერთ მღვდელმონაზონთან შეძლო გასაუბრება, რომელიც ამბობს, რომ პროექტი მიტროპოლიტმა აკურთხა, ამიტომ ამაზე კითხვები არ აქვს.
"რასაც ეკლესია აკურთხებს, მე ყველაფერი მომწონს", - თქვა მან.
მოქალაქეები და კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს მშენებლობა კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარეობს. მათ კითხვებით კულტურის სამინისტროს მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ უწყება არ უპასუხებთ, აპირებენ, პროკურატურას მიმართონ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი