შრომის ინსპექცია შპს "საქნახშირის" ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოკვლევა დასკვნით ფაზაშია.
უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე.
"შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად, განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.
შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთომოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშნულის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში სამთომოპოვებითი მრეწველობა მიეკუთნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის გამო, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შრომის ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, იზიარებენ პროფკავშირების მოწოდებას. მათი თქმით, ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 31 იანვარს, დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.