კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ სანიტარს დაუდასტურდა. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, არ ყოფილა წესის დარღვევა, რომელსაც შიდა აფეთქების გამოწვევა შეეძლო და სავარაუდოდ, მედპერსონალის ინფიცირების წყარო გარედანაა.
მისივე თქმით, კლინიკის მედპერსონალი აღჭურვილობის ყველა დადგენილ წესს მაქსიმალურად იცავდა და სამ თვეზე მეტია, კლინიკაში თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა.
მედპერსონალის ინფიცირების წყაროს დეტალურად იკვლევს NCDC, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები რომ, სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა. კორონავირუსი შიგნიდან გავრცელდება თუ გარედან შემოვა, მასთან ურთიერთობის წესები არსებობს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა დადგენილი. ჩვენთან ეს ყველაფერი პროტოკოლებითაა გაწერილი და ყველა მედპერსონალი იცავს ამ წესს მაქსიმალურად, - ამბობს ლევან გოფოძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს 80 მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი ტესტი 160-მა თანამშრომელმა გაიარა. ჯამში, კოვიდ 19-ით კლინიკის ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული.
ამ დროისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 21 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.