შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან - გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა",-წერია განცხადებაში.
ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.