975 530 ლარის მატერიალური ზიანი - ჯგუფური თაღლითობა და 6 დაკავებული

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 6 პირი: 1976 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული მ.ჭ., 1966 წელს დაბადებული ნ.ხ., 1988 წელს დაბადებული მ.ხ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული თ. წ. და 1971 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს.

განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.

"ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი. უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება.

მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია", - წერია უწყების განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, პოლიციამ შ.ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა.  შ.ბ.-ს მმართველობაში არსებული კომპანიის ოფისის ჩხრეკისას კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს, ასევე ამოღებულია თანხა, ბარათები, მობილური, კომპიუტერული მოწყობილობები.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. 

დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი