დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაშავებული 60 წლამდე კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"დამწვრობა აქვს მიღებული სახეზე, ორივე მტევანზე, წინა მხრებზე და გულ-მკერდის გარკვეულ ნაწილზე, 20% აქვს თერმული დაზიანება მე-2 მე-3 ხარისხის. ამას ემატება თერმული დაზიანება სასუნთქი გზების. მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა",- ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, რემონტის გამო გზის მოწყობილობა უკანონოდ გადააადგილეს.
"დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ეს აფეთქება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გაზის დანადგარების არასწორი ექსპლუატაციით, ან რემონტის დროს დანადგარების გადაადგილებით, დარღვევით იმ წესების, რაც არ უნდა იყოს დარღვეული",- ამბობს ირაკლი დეკანოიძე.
მე-7 სართულზე აფეთქების შედეგად, ხანძარმა მე-8 სართულის ნაწილი გაანადგურა. მეზობლების ცნობით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს და გარეთ გამოსვლის შემდეგ ცეცხლი დაინახეს.
"ჩვენს ქვემოთ მე-7 სართული აფეთქდა და ჩვენც ვიწვით, მე-8 ვართ ჩვენ",- ყვებიან ადგილობრივები.
ამავე თემაზე:
"დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული, მდგომარეობა მძიმეა" - აფეთქება დიღმის მასივში