დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინ ვაქცინაციასთან დაკავშირებული განცხადებები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღეს მთავარი იარაღი აცრა და პირბადეა.
"გუშინდელი განცხადებები მე მგონი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, იქ გარკვევით ითქვა, არავინ უარყოფს, რომ ომიკრონი გვერდს უვლის, იანვარში და თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დაახლოებით 50%-ში ვისაც მეორედ დაემართა ინფექცია, ისინი იყვნენ ორჯერადაც აცრილები, ამას არავინ მალავს, მაგრამ ვინც გაიკეთა ბუსტერი, იქ რეინფიცირება ჯერადობით ნაკლებია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვისაც ორჯერადი აცრა აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ ასაკში, ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია და ფატალური შედეგი.
"რატომღაც აიტაცა მედიამ და მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა და რაც მერე ბრძანეს, რომ მოწოდება იყო, რომ 50 წლის ზემოთ აუცილებელია აცრაზე ადამიანების მიმართვა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას და გაიკეთოს ბუსტერი, ის რატომღაც მერე ნიველირდა", - თქვა გამყრელიძემ.
პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითად საკუთარი მეორედ ინფიცირება მოიყვანა. მოგვიანებით NCDC-ს დირექტორმა თქვა, რომ ბუსტერი იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის დროს, ასევე, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური შედეგისგან.