საქართველოში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრმა სოლიდარობის ნიშნად, თელავის მერიის შენობაზე, უკრაინის დროშა გადმოფინა.
თელავის მუნიციპალიტეტის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", 21 წლის გიგი გიგიტელაშვილმა უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველო და უკრაინა მეგობარი სახელმწიფოები არიან. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და სწრაფვა თავისუფლებისაკენ. ამ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. უკრაინის ბედზეა გადაჯაჭვული ჩვენი ქვეყნის ბედი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება მხარი დავუჭიროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისინი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში ჩვენს გვერდით იდგნენ და ჩვენთან ერთად იცავდნენ ჩვენს თავისუფლებას, - ამბობს დეპუტატი.
გიგი გიგიტელაშვილი კახეთში, საკრებულოს ერთადერთი წევრია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და პოზიცია საჯაროდ გამოხატა.
უკრაინის მხარდასაჭერად, თელავში დღეს სოლიდარობას, სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ.
ავტორი: ია გულიაშვილი