
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.
ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.