
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ხვალ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული. ადვოკატების თქმით, მესამე პრეზიდენტს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება საქმეს, უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდება "სამართლებრივი ნონსენსია".
"ყველას კარგად გვახსოვს 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ხალხმა მას ხელახლა მისცა მანდატი, აირჩია ხელმეორედ პრეზიდენტად. შესაბამისად, ამ მოვლენების გამო მისი გასამართლება აბსოლუტურად სამართლებრივი ნონსენსია. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც რაიმე ტიპის მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილთან უკვე თვეზე მეტია ექიმებს არ უშვებენ. კონსილიუმის წევრი მედიკოსების თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის საჭირო პირობები და მესამე პრეზიდენტი შესაბამის მკურნალობას ვერ იღებს.
"ორ თვეზე მეტია უკვე ჩვენ არ გვაქვს საშუალება პატიმართან და პაციენტთან შეხვედრისა. დრო გადის, პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას ესაჭიროება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები. ნებისმიერი მისი შემდგომი გამოსვლა, ეს იქნება სასამართლოში თუ ფართო აუდიტორიის წინაშე, შეიძლება დამთავრდეს მოულოდნელი გართულებებით", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.