პარლამენტში ამ წუთებში 2020 ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების პროექტს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრობასთან" წარადგენს. კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, ქვეყანაში პროგნოზირებულია ეკონომიკის 4%-იანი კლება და ბიუჯეტის 8.5%-იანი დეფიციტი.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროსთან კითხვები აქვთ ბიუჯეტის კონკრეტულ ხარჯვით მუხლებთან დაკავშირებით და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს, რომლის შემოსავალიც 40 ათას ლარამდეა, პირდაპირი ფულადი დახმარება უნდა მიეცეს.
ეს ბიუჯეტი მოიხსენიება როგორც ანტიკრიზისული და საგანგებო, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საგანგაშო ბიუჯეტი, 54% შემოსავლებისა ფორმირებულია ნასესხები და ნაჩუქარი სახსრებით. ეს არის უმძიმესი ბიუჯეტი, თავისი ყველა პარამეტრით. ეს ნასესხები ფული იფლანგება. დარჩა ყველა ძველი მეორეხარისხოვანი, ხელისუფლების ინტერესებზე, პოლიტიკურ თუ კორუფციულ ინტერესებზე მორგებული ხარჯები, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებისთვის საკუთარი, ალტერნეტიული გეგმის შეთავაზებას აპირებს, რომელშიც გაწერილია შესაბამისი ნაბიჯები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ეკონომიკის ამუშავებისთვის.
1000 ლარი თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს და 500 ლარი ყველა ბავშვს - ამ შეთავაზების განხორციელება იმ საბიუჯეტო პარამეტრებში, რომელიც დღეს არსებობს, იყო შესაძლებელი, ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს წინადადება კიდევ ერთხელ წარვადგინოთ და მოვისმინოთ, რატომ არ სთავაზობს დღეს ხელისუფლება რეალურ დახმარებას საკუთარ თანამოქალაქეებს და ფაქტიურად, დახმარების გარეშე ტოვებს უმრავლესობას, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.