პარლამენტში დღეს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს განიხილავენ - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმას წარადგენს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა იწყება. ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციასთან წარადგენს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი საგანგაშოა და ხელისუფლებას  ალტერნატიულ გეგმას წარუდგენენ.

ფაქტობრივად, ბიუჯეტი გაფლანგეს და აი, ამას ახლა ჩვენ დავინახავთ. დატოვეს ყველა ძველი ხარჯი, უსარგებლო, მეორეხარისხოვანი, კორუფციული, საკუთარ ბიზნესებზე მორგებული და შეამცირეს ის, რაც მექანიკურად უნდა შემცირებულიყო. ფაქტობრივად, 5 მილიარდ ნახევრამდე ფული, რომელიც შემოდის უცხოეთიდან ძველი ბიუჯეტის სწორედ იმ ხარჯებს მოხმარდა, რომელიც დიდი ხანია მათ პარტიულ ინტერესებს და პირად ინტერესებს ემსახურება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე.

გადასახადების დაწევის და ფულადი რესურსების ხალხისთვის გადაცემის აუცილებლობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოსავალი შეიძლება იყოს ორი, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევა და მეორე მხრივ, საგარეოდან აღებული ვალი იქნება ეს თუ ბიუჯეტში არსებული სახსრები, რაც შეიძლება მეტი ფულის ხალხისთვის მიცემა. ბიუჯეტის ცვლლებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, არცერთ მოთხოვნას არ პასუხობს, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კორექტირებული ბიუჯეტით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინუს 4% იქნება, საშემოსავლო ნაწილს 1,8 მილიარდი ლარი დააკლდება, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები კი 600 მილიონი ლარით მცირდება. ბიუჯეტის დეფიციტი 8.5%-ია.

მთავრობაში განმარტავენ, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი