კორონა ვირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში - ნფიცირებულები სოფელ მეტეხის მცხოვრებლები არიან. მათგ ნიმუშები გუშინ აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნის შემდეგ, დადებითი პასუხები მოვიდა. მათი დაინფიცირების წყარო მათივე ოჯახის წევრია, რომელიც საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს და ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა.
ინფიცირებულებს შორის ორი არასრულწლოვანია. სანიტარს, რომელიც ამ ოთხი ადამიანის ინფიცირების წყაროს იქცა, კორონა ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ამჟამად სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ინფიცირებულების კონტაქტებს სწავლობენ. ადგილობრივების თქმით, ხუთივე ინფიცირებულს სოფლის მოსახლეობასთან ურთიერთობა ჰქონდა.
სოფელ მეტეხის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგებსა და იმ კვლევაზეა დამოკიდებული, რომელიც სოფელში ამჟამად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში ბოლო ინფორმაციით ჯამურად კორონავირუსის ცხრა შემთხვევა ფიქსირდება.