ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მოსამართლე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას ჩქარობს;
მომდევნოს სხდომაზე, 25 თებერვალს დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე წარდგება, საიდანაც ორ დღეში, 28 თებერვალს უკვე დაცვის მხარე წარდგება დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად გავა.
დღევანდელ სასამართლოზე ნიკა გვარამიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და დაკითხვაზე უარი თქვა, იმ მიზნით, რომ საკუთარი პოზიცია დასკვნით სიტყვაში დაეფიქსირებინა. ამ სიტყვის მოსამზადებლად კი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას მხოლოდ 2 დღე მისცა- შაბათი-კვირა.
ნიკა გვარამიამ საქმის მოცულობიდან გამომდინარე 2 კვირა ითხოვა. საქმე 40 ტომზე მეტია და მასში 60-ზე მეტი მოწმის ჩვენება დევს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.
ნიკა გვარამიას თქმით, თუ ჩხიკვაძე თარიღებს არ შეცვლის, ის ვერ წარმოთქვამს შემაჯამებელ სიტყვას.
"ბრალდება 25-შია შემაჯამებელი სიტყვით, ამის შემდგ არის შაბათი-კვირა და 28-ში უკვე ჩემი შემაჯამებელი სიტყვა უნდა იყოს თურმე. 60-მე მეტი მოწმეა დაკითხული, 40 ტომიანი საქმეა. მე ვთქვი, რომ დაკითხვა არ მაინტერესებს, შესაბამისად ჩემი პოზიციის გამოხატვას ვაპირებ შემაჯამებელი სიტყვით.
ამის ფონზე, რომ ვიგებ რომ უზარმაზარი საქმის შემაჯამებელი სიტყვა უნდა ვთქვა 2 დღის მომზადების პირობებში, სადღაც 60 მოწმეს უნდა მოვუსმინო აუდიო თვალსაზრისით და შემდეგ ეს ვწერო, შესაბამისად მე დღესაც არ ვისაუბრე, არც პროკურორის შემაჯამებელი სიტყვის მოსმენას ვაპირებ და აქ მოსვლას, 28-ში მოვალ და არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ ჩემი შემაჯამებელი სიტყვა ვთქვა, შესაბამისად, არც ამ უფლებას არ გამოვიყენებ. მოსამართლე რას იზამს ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის." ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს განაჩენი "28 თებერვალს დადგება, თუ 15 მარტს"
პროკურორი კი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას "შეეშინდა" და სწორედ ამიტომ არ მისცა დღეს სასამართლოს ჩვენება. მისივე თქმით, საქმის განხილვა უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს და წესით, მხარეები მზად უნდა იყვნენ დასკვნითი სიტყვისთვის.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას".