უკრაინისთვის - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 26 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ​გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები თავდაპირევლად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, სადაც პრემიერის გუშინდელი განცხადებები გააპროტესტეს და თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მათ პოზიციას არ გამოხატავს. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც უკრაინას მხარდაჭერა ათასობით მოქალაქემ გამოუცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ინტერესებით" ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს: "უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია".

გარდა ამისა, მან უკრაინის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩაშალა. "რა თქმა უნდა არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ "არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება" და განვითარებული მოვლენების ფონზე, არც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს: "პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ".

ღარიბაშვილის ამ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა: "არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე".

პრემიერის განცხადებასა და მოგვიანებით თბილისში გამართულ აქციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ "ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია".

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი