თბილისში დღეს უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან ისევ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
"კიევის დროით დილის 7 საათის მონაცემებით, უმძიმესი ღამისა და ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, დედაქალაქი მთლიანად უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა. ოკუპანტები ვერ დაწინაურდნენ!
ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის წინ!", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები უკვე მესამე დღეა, იმართება. აქციის მონაწილეები 25 თებერვალს პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მათ პოზიციას არ გამოხატავს.
შეგახსენებთ, პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ინტერესებით" ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს: "უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია".
გარდა ამისა, მან უკრაინის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩაშალა. "რა თქმა უნდა არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს", - თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ "არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება" და განვითარებული მოვლენების ფონზე, არც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს: "პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ".
ღარიბაშვილის ამ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა: "არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე".
პრემიერის განცხადებასა და მოგვიანებით თბილისში გამართულ აქციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ "ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია".