ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ახალი ფიგურანტები მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები - სოზარ სუბარი, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი ღარიბაშვილი, არიან. სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრზე და მის ყოფილ მოადგილეზე ჩვენება უწყების ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი კორძაიამ მისცა.
ფლობდნენ თუ არა სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მერაბიშვილის გაყვანაზე თავიდანვე ინფორმაციას, ირაკლი კორძაიამ არ იცის. თუმცა ახსოვს, რა შეხვედრები მიმდინარეობდა იმდროინდელი მინისტრის კაბინეტში ამბის გახმაურების შემდეგ.
არჩილ თალაკვაძე იმ დროს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო. ირაკლი კორძაიას ინფორმაციით, ის ყველა იმ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის საქმე გვარდებოდა. თუმცა, დღეს ამ თემაზე დასმულ შეკითხვას, ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე, ცინიკურად პასუხობს.
კორძაიას ჩვენების შინაარსს იცნობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი. გიორგი ჩივიაშვილს საქმეში სოზარ სუბარის და არჩილ თალაკვაძის გამოჩენა არ გაკვირვებია, თუმცა ვერ ხვდება, ფორმალურად მაინც რატომ არ გამოკითხა ისინი პროკურატურამ.
ჩივიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა გამოძიებას ფორმალურად ატარებს და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებას არ ცდილობს, რომელიც საკნიდან გაყვანაში მონაწილე პირების დასჯას გულისხმობს.
„მთავარის“ ინფორმაციით, საკნიდან გაყვანის საქმეზე ვანო მერაბიშვილი ნინო ლომჯარიასაც ესაუბრა. ამ ინფორმაციას გიორგი ჩივიაშვილი არ ადასტურებს.
რას გამოიძიებს და რა შედეგს დადებს პროკურატურა მინისტრთა კომიტეტის სხდომამდე, უცნობია. იმ შემთხვევაში თუ რეკომენდაცია არ შესრულდება, საქართველოს ხელისუფლებას მარტში ისევ საყვედურების მოსმენა მოუწევთ.