ვითხოვთ, საქართველოს საელჩომ გაგვიყვანოს, ბავშვები კანკალებენ ისეთ მდგომარეობაში არიან - ხარკოვში მცხოვრები ქართველი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მცხოვრები ქართველი, მარიკა მეფარიშვილი, რომელიც ხარკოვში, ერთ-ერთ მეტროსადგურს აფარებს თავს, საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვს. 

მისი თქმით, უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეები საელჩოებმა უკრაინიდან გაიყვანეს, თუმცა ქართველები ამ დრომდე თავშესაფარში რჩებიან.

"ჩვენ ვიმყოფებით ხარკოვში, მეტროს წინ გვაქვს სახლი. ჩვენი ეზოს წინ დაეცა ბომბი. ჩვენს ქუჩაზე არის სამშობიარო, ისიც დაინგრა. მთელ ხარკოვში მიდის დაბომბვა. არცერთი საავადმყოფო არ დატოვეს, საბავშვო ბაღები, სკოლები, ამათ უმიზნებენ სულ.

ვითხოვთ, რომ ჩვენმა საელჩომ გაგვიყვანოს. ყველა ქვეყნიდან, ვინც იყვნენ აქ, საელჩოებმა თავისი ხალხი გაიყვანეს დავრჩით მარტო ქართველები. უკვე შიშიც გვაქვს. ბავშვები კანკალებენ ისეთ მდგომარეობაში არიან", - ამბობს მარიკა მეფარიშვილი.

უკრაინის დიდ ქალაქებში მთელი ღამის  განმავლობაში განგაშის სიგნალისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. კიევი, ხარკოვი, ვინიცა და მარიუპოლი იმ ქალაქების ნაწილია, რომელიც ღამით ოკუპანტების სამიზნე იყო. ძლიერი აფეთქებების  ხმა ისმოდა  ხარკოვში, სადაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული დესანტი გადასხეს.

დონეცკის ოლქში, მარიუპოლის ცენტრში რუსული სამხედრო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ასევე, გუშინ დაიბომბა უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტები. ოკუპანტებმა კიევში ტელეანძას ესროლეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი