დღეს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისისკენ დაძრულ ავტობუსებში მსხდომი მგზავრებიდან ყველას ერთი საერთო ჰქონდა - ცდილობდა კამერას მისი სახე არ დაეფიქსირებინა და ამისთვის ადამიანები, რომლებსაც "ქართული ოცნება" გულმხურვალე მხარდამჭერებად ასაღებს უხერხულ და სასაცილო სიტუაციებში ვარდებოდნენ.
რეგიონებში ავტობუსებთან მიყვანილი მოქალაქეები მზად იყვნენ ეთქვათ ყველაფერი ოღონდ არ ეღიარებინათ, რომ თბილისში, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოდიოდნენ.
იმერეთში შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ხმამაღლა ამბობდა, რომ დედაქალაქში "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მმართველი პარტიის მადლიერია.
მობილიზება იყო შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში, მაგრამ როგორც პასუხებიდან გაირკვა მიკროავტობუსებში გადანაწილებულ ხალხს საქეიფოდ წასვლა უფრო მეტად სურდა, ვიდრე "ოცნების" ღონისძიებაზე.
გორიდან წამოყვანილ საჯარო მოხელეებს კი სპეციალურად ამ დღისთვის შვებულებები დააწერინეს, თანაც ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე, როცა შეკრება "ქართულ ოცნებას" ოფიციალურად დაანონსებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
რეგიონებიდან წამოყვანილ ხალხს შორის იყვნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პედაგოგები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები
დღეს ონლაინ მედია "ტაბულამ" გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რითიც ცხადი გახდა, რომ მასწავლებებს ოცნების კაპმანიის დასკვნით ღონისძიებაზე წამოსვლას აძალებდნენ. აუდიო ჩანაწერში რუსთავის 25-ე ბაღის გამგე მანონი მეურმიშვილი პედაგოგებს ოცნების შეკრებაზე წასვლას აიძულებს, უარის შემთხვევაში კი ემუქრება. კახეთიდან წამოსული სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახმეტიდან მოჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა, შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა. დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი 4 ადამიანი.
"ქართულმა ოცნებამ" თავისუფლების მოედანი თბილისში რეგიონებიდან იძულებით ჩამოყვანილი პედაგოგებითა და საჯარო მოხელეებით გაავსო, რომელთა უმრავლესობასაც ღონისძიებაზე დაფიქსირება და მმართველი პარტიის რიგებში ჩაწერა სულაც არ სურდა და სახეს მალავდა. 26 ოქტომბრამდე ქართულმა ოცნებამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს აქციაზე წასვლა შესაძლოა აიძულოს, მაგრამ წინ ყველასთვის ფარული კენჭისყრაა და არჩევანი, რომელიც ყველა მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი