გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოკლული 32 წლის ვალერი სიბოშვილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. შელაპარაკება გვიან ღამით მოხდა.
მეზობლები ყვებიან, რომ 8 მარტთან დაკავშირებით ორ სხვადასხვა ოჯახში ახალგაზრდები ქეიფობდნენ. ქუჩაში მათ შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური.
ადგილობრივების თქმით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სიბოშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ გურჯაანში სტუმრად ჩასულმა პირმა მას ავტომობილი დააჯახა.
ის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
"ვიცით, რომ ჩხუბი მოხდა და მანქანა გადაატარეს. აქ იყო სტუმრად მოსული ვიღაც ბიჭი, არაა ამ სოფლელი", - ამბობს ადგილობრივი.
ინციდენტში მონაწილე პირები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
ავტორი: ია გულიაშვილი.