„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს МИР-ის საგადასახადო სისტემაზე მიერთებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ შექმნილია უსაფუძვლო აჟიოტაჟი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დღეებში, „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით შექმნილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ.
გვინდა ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.
აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.
„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.
რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში." ნათქვამია განცხადებაში.