
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ თბილისში სამი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
"ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 მარტს, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.