პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი დაკავებული და დაუსჯელი სამართალდამცავები

გამოქვეყნდა:

ფოთის პოლიციის უფროსის მოადგილის ზარის შემდეგ, ქალაქის ცენტრში პოლიციის ეკიპაჟი რამდენიმე წამში, არასამსახურეობრივი ავტომობილით მივიდა. 23 წლის თამაზ გრატიაშვილი რვა ივნისს, ღამის სამ საათზე დააკავეს, მაშინ, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრის დაბადების დღიდან სახლში ბრუნდებოდა. თამაზ გრატიაშვილის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული პოლიციელი თორნიკე კეჭაყმაძე იყო, რომელიც ავტომობილს მართავდა. კიდევ ერთი თანამშრომელი კი დაკავებული მამაკაცის მარჯვენა მხარეს იჯდა. სამართალდამცველებმა 23 წლის ბიჭი ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს. პირველად  ფეხში გვერდით მჯდომმა დაარტყა. დროდადრო მანქანას აჩერებდნენ და მძღოლი მოტეხილ ხელსა და  თავში ურტყამდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს სამართალდამცველებმა თამაზ გრატიაშვილი მანქანაში დააწვინეს და პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ზურგში ურტყამდნენ. ამის გამო გონება ორჯერ დაკარგა.

განყოფილებაში თამაზ გრატიაშვილისგან სასარგებლო ჩვენების მოპოვებას 10-მდე პოლიციელი ცდილობდა. დაკავებულს ერთ-ერთი სამართალდამცველი აიძულებდა, ჩვენებაში ეთქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პატიმრობით, ჯარიმითა და შემდეგ პირობითი მსჯავრით ემუქრებოდნენ. 

თამაზ გრატიაშვილის შარვალზე კარგად ჩანს სისხლის კვალი, რომელიც სახეში, რამდენიმე დარტყმის შედეგად წამოუვიდა. პერანგი კი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა შემოახიეს.

შვილის დაკავების შესახებ შორენა გელენიძემ მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეიტყო. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის გამოც საქმის მთავარი ფიგურანტის, თორნიკე კეჭაყმაძის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მანამდე კი ოჯახი ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას გეგმავს, რომელიც ადასტურებს, რომ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

თამაზ გრატიაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დამძმების გამო, კლინიკაში გადასაყვანი გახდა მისი ბებიაც. 

ფოთის პოლიციის განყოფილებაში დუმილს ამ დრომდე არ არღვევენ, სამსახურში არც პოლიციის უფროსის მოადგილე და არც ცემაში მონაწილე სამართალდამცველი დაგვხვდა. 

სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. საგამოძიებო უწყება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა სიმძიმის დაზიანებები ჰქონდა თამაზ გრატიაშვილს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სავარაუდო დაზარალებულიც უკვე გამოიკითხა.

სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს გენერალური ინსპექცია მფარველობს - დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ახსოვთ, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და მათი პასუხისგებაში მიცემის ერთი ფაქტიც. სამაგიეროდ კარგად იციან, რომ ფოთის პოლიციას ხელისუფლება დავალებების შესასრულებლად კარგად იყენებს. 

23 წლის თამაზ გრატიაშვილი სამართალდამცველებმა რვა ივნისს დააკავეს, ფოთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით გელაშვილმა კი მას ერთკვირიანი პატიმრობა შეუფარდა და იზოლატორიდან 15 ივნისს გათავისუფლდა. გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი