
ზუგდიდში, შესაძლოა, ახალი კლასტერი გაჩნდეს - მამაკაცს, რომელსაც დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კავშირი, კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი. კონტაქტების ძიება კი ამ დრომდე გრძელდება. 55 წლის მამაკაცი რუსეთიდან საქართველოში 12 ივნისს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა.
ჩვენი ინფორმაციით, მას ადგილზე მხოლოდ სწრაფი ტესტი გაუკეთდა, რომელმაც კოვიდ უარყოფითი შედეგი აჩვენა. გუდაურის საკარანტინე სივრცეში გადაყვანიდან ორ დღეში იგი RCR ტესტით შეამოწმეს, თუმცა ზუგდიდში ძმის დაკრძალვაზე ისე გაუშვეს, რომ ტესტის პასუხს არ დალოდებიან.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. მათი თქმით, ტესტის პასუხი მეორედაც უარყოფითი იყო, საკარანტინო სივრიციდან კი გამონაკლისის სახით დროებით გაუშვეს ძმის დაკრძალვაზე მისასვლელად.
ის იყო საკარანტინე სივრცეში, 14-ში ჩაუტარდა PCR ტესტირება, ტესტის პასუხი იყო უარყოფითი და განთავისუფლებული იყო დროებით სამძიმარზე, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი ნანა ოდიშარია.
მისი თქმით, პრაქტიკა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კარანტინის სივრცეში მყოფ პირებს დროებით ათავისუფლებენ, მათთან დამკვიდრებულია.